ვლადიმერ ვაისი: “კარგი იქნებოდა, კანკავას და კაშიას მსგავსი 20 ფეხბურთელი რომ მყავდეს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო “ჰუალინგის” საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრები მოახლოებული სამი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს და ვლადიმირ ვაისმაც შეკრების წინ ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.
“თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ბოლო შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე. 24 მაისს მივემგზავრებით ავსტრიაში, სადაც სლოვაკეთის ნაკრებს ვეთამაშებით. 3 ივნისს რუმინეთს შევხვდებით, ბოლო ამხანაგურ თამაშს კი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ესპანეთთან გავმართავთ…
სანაკრებო სია უკვე იცით – შემიძლია გითხრათ, რომ ყველანაირად ვეცადე, ამ ეტაპზე საუკეთესო შემადგენლობა გამომეძახებინა… მსურს, რომ პროგრესი იყოს ყაზახეთთან თამაშის შემდეგ და ბევრად უკეთესად ვითამაშოთ, მაგრამ იმ საღამოსაც იყო ნაკრების თამაშში დადებითი მომენტები. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამჯერად ბევრად ძლიერ გუნდებს ვხვდებით და ჭკვიანურად თამაში გვმართებს…
ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო ტექნიკური და დინამიური. მინუსებს რაც შეეხება – ფიზიკური მომზადება. საქართველოს ნაკრები ხშირად გოლებს ბოლო წუთებში უშვებს. თუმცა, ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გყავდათ. საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია, ბიჭებმა ეს მოედანზე გამოავლინონ. არიან ტალანტები – ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, მჭედლიძე, ანანიძე – ყაზახეთთან თამაშის მერე ყაზაიშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი უდიდესი ნიჭი და შესაძლებლობა მოედანზე უნდა გამოავლინოს. ისინი უნდა იყვნენ როგორც კარგი ფეხბურთელები, ისე კარგი ადამიანები, რადგან ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. პიროვნულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოედანზე. წარმატება თავისით არ მოდის, ამას შრომა სჭირდება, თორემ ზოგადად, კარგი იქნებოდა 20 ისეთი ფეხბურთელი მყავდეს, როგორებიც არიან ჯაბა კანკავა და გურამ კაშია – ასპროცენტიანი პროფესიონალები. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ და იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა…
გიორგი ლორიას მიკროტრავმა აქვს და იმედია, რამდენიმე კვირაში მომჯობინდება. რაც შეეხებათ სხვებს, ვარჯიშებზე დავაკვირდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს. ჩემთვის ვარჯიშებზე თავის კარგად წარმოჩენა მნიშვნელოვანი ფაქტორია… მეიმედება ზურაბ ცისკარიძის – მისი თამაში ჩეხეთში ვნახე და უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა. სამ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვნახავთ, დავაკვირდებით და თუ გამოგვადგება, კმაყოფილი ვიქნები…
გაფართოებულ სიაში კიდევ ბევრი მოთამაშე მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს 25 კაცი ავარჩიე. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და სხვებსაც მიეცემათ შანსი. მთავარია, მათ დაამტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ”.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისს გაემგზავრება ავსტრიაში და 27 მაისს სლოვაკეთს შეხვდება. 3 ივნისს ნაკრები ბუქარესტში გაეჯიბრება რუმინეთს, ხოლო 7 ივნისს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს დასკვნით ამხანაგურ მატჩს.
სფფ-ის პრესსამსახური