ვლადიმერ ვაისი: “თამაშმა აჩვენა რომ შევცდი”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები იყო.
“ჩვენი მოთამაშეები არ იყვნენ სასურველ ფიზიკურ კონდიციაში იმ კონკრეტულ მომენტში, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან თანაბრად რომ ეთამაშათ. მეტიც, ამ მდგომარეობაში გამარჯვება ერთა ლიგის ჯგუფშიც გაგვიჭირდებოდა – ვგულისხმობ ტრავმებსა და სათამაშო კონდიციას და არა იმას, რომ ცუდი ფეხბურთელები გვყავს. ფეხბურთელებზე ცუდი არასოდეს მითქვამს. ჩემს თავს არასოდეს ვაკადრებ, ფეხბურთელებზე ცუდი ვთქვა. ზოგჯერ შესაძლოა, ჩემს მიერ ემოციურად ნათქვამი სხვაგვარად გავრცელდეს. ორი თამაში წავაგეთ, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა, ცხოვრება გრძელდება. არსებობს ვითარება, როდესაც მწვრთნელის მიერ გასახდელში ნათქვამი, გასახდელში უნდა დარჩეს. იქ რაც ხდება, ყველაფერს ვერ იტყვი. ოქრიაშვილი მზად არ იყო, მაგრამ მისი საფეხბურთო თვისებები ძალიან მომწონს და ვაფასებ და გამომდინარე იქიდან, რასაც ვარჯიშებზე აკეთებდა, მაინც დავაყენე, მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ შევცდი.”
საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს, 10 ივნისს კი ჩვენი გუნდი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება. ამ ორი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, 5 სექტემბერს თბილისში ამხანაგური თამაში შედგება. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართული მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. თბილისში შესაძლოა კოპა ამერიკის გათამაშების ბოლო გამარჯვებული, ჩილეს ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.