ვლადიმერ ვაისის დაგვიანებული პასუხი – რას ვერ გრძნობს ვაისი ფეხბურთში?
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიისთან 0-2 წააგო და ამ მარცხში საკუთარი წვლილი მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმაც დაიდო. გარდა იმისა, რომ ნაკრებში ვაისმა უთამაშებელი ოქრიაშვილი და ნავალოვსკი გამოიძახა, გუნდში ხარაიშვილი და ზარანდია ვერ ვიხილეთ, რომლებიც დღეს საუკეთესო ფორმაში არიან.
ვაისმა შვეიცარიის წინააღმდეგ სამივე ცვლილება გამოიყენა, თუმცა სამივეჯერ მეტად უცნაურად იმოქმედა, რამაც დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა.
კვირკველია 62-ე წუთზე ტაბიძის ნაცვლად
მატჩის დაწყებამდე მოულოდნელად საბა კვირკველია სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა და მის ნაცვლად მოედანზე ხოჭოლოვა გამოჩნდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაისმა განაცხადა, რომ კვირკველიამ თავად იცის თუ რატომ ვერ მოხვდა სასტარტო შემადგნელობაში. უცნობია, თუ რატომ არ დააყენა მწვრთნელმა საუკეთესო ქართველი მცველი ძირითადში, თუმცა ის მოედანზე დაშავებული ტაბიძის ნაცვლად 62-ე წუთზე გამოვიდა. მარცხენა ფლანგზე გურამ კაშიამ გადაინაცვლა, რომელსაც ამ პოზიციაზე კარიერაში პრაქტიკულად არც უთამაშია. თუ ვაისი კვირკველიას გარკვეული მიზეზით სჯიდა, მაშინ რატომ შეიცვალა პოზიცია გოლის გაშვებიდან? ფაქტია, ვლადიმერი ახალგაზრდა ხარაბაძესა და უთამაშებელ ნავალოვსკის არ ენდო. კაშიამ ჟურნალისტებთან მარცხენა მცველად თამაშისას ასეთი განცხადება გააკეთა:”ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე”.
საბა ლობჟანიძე 74-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას
ნაცვლად
ვაისმა 74-ე წუთზე თამაშში სწრაფი შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად ჩართო. ქვილითაია ერთადერთი იყო, რომელიც შვეიცარიელ მცველებს აწუხებდა და მათ პრობლემებს უქმნიდა. გიორგი ლორიას დარტყმული თითქმის ყველა ბურთი ქვილისთან მიდიოდა და ისიც საჰაერო ორთაბრძოლების გარკვეულ ნაწილსაც იგებდა. რამდენჯერმე “გენტელმა” ოსტატურად დაუგდო ბურთი თანაგუნდელებს. ლობჟანიძის გამოსვლისას ვაკო ყაზიაშვილი უკვე მისკენ იხედებოდა და სათადარიგო სკამზე გადანაცვლებას აპირებდა, რა დროსაც ტაბლოზე მისი ნომერი არ აინთო, ხოლო, მწვრთნელისგან დავალებად ცენტრალური თავდამსხმელობა მიიღო. ეს მაშინ როცა, აშკარად ცუდ ფიზიკურ კონდიციაში მყოფი ყაზაიშვილი თითქმის ვეღარ დარბოდა. შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვაისმა განაცხადა, რომ კანკავა/კვეკვესკირი 90 წუთის სათამაშოდ მზად არიან, ხოლო, ვაკომ ამ დატვირთვას ვერ გაუძლო. მიუხედავად ამისა, სლოვაკმა სპეციალისტმა ყაზაიშვილი დატოვა და ის ერთადერთი მოთამაშე გაიყვანა, ვინც შვეიცარიელებს ხიფათს უქმნიდა.
ნიკა კაჭარავა 83-ე წუთზე ჯანო ანანიძის ნაცვლად
უკვე რამდენიმე წელია, რაც ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მის ერთ-ერთ მთავარ ნაკლი გვიანი ცვლილელების გაკეთებაა. იყო მომენტიც, როცა ამხანაგურ მატჩშიც მე-2 შეცვლა მან მე-80 წუთზე გააკეთა. შვეიცარიის წინააღმდეგ გამოსასვლელად ვატო არველაძე, ნიკა კაჭარავა და ლაშა პარუნაშვილი ემზადებოდნენ, მე-2 გოლის გაშვებამდე ერთ-ერთ ეპიზოდში მან ამ ფეხბურთელებს გახედა კიდევ, თუმცა მწვრთნელის სკამზე ისე დაჯდა, რომელიმესთვის არც დაუძახებია. ზუსტად რამდენიმე წუთში შვეიცარიელებმა კიდევ ერთიც გაიტანეს და კაჭარავა 83-ე წუთზე ვიხილეთ, რა დროშიც, რა თქმა უნდა, ვერაფერი მოასწრო.
დღეს ირლანდიასთან ნაკრების სავარაუდო შემადგნელობა ასე გამოიყურება: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ხარაბაძე – კანკავა, კვევესკირი, კიტეიშვილი, მერებაშვილი, ყაზაიშვილი – ქვილითაია
სათადარიგო სკამიდან: არველაძე, პარუნაშვილი, კვირკველია