ვლადიმირ ვაისი: “ანდორის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე ამ გუნდის მწვრთნელია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით მნიშვნელოვანი მატჩისათვის. კარგია, რომ 6 ქულა გვაქვს. ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია. ჩვენ ჩვენი შანსი უნდა გამოვიყენოთ, ახლა ყველაფერი საქართველოს ხელშია.
არაბიძეზე ხშირად მისაუბრია. სამწვრთნელო შტაბსაც და ფედერაციასაც გვინდა, რომ მას დავეხმაროთ. ის ტალანტია. ჩვენ მას შანსი მივეცით. შემთხვევითი არ არის, რომ ის დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არაა.
ანდორის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე ამ ნაკრების მწვრთნელია. მათ კარგი შედეგები აქვთ, ერთა ლიგა წარმატებით დაიწყეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისინი საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულან.
სამწუხაროა, რომ ლორიამ “კრილია სოვეტოვი” დატოვა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გიორგის თამაშისა და გამოცდილების მხრივ, ის საქართველოს ნაკრების პირველი მეკარეა. თავის შანსს ელოდება როინ კვასხვაძე. ასევე, მზადაა ლაზარე კუპატაძე, მაგრამ პირველი მეკარე ლორიაა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანდორა ორგანიზებული გუნდია. მწვრთნელმა მათი შესაძლებლობები კარგად იცის. ლატვიასთან მატჩს 50000 გულშემატკივარი დაესწრო და ვფიქრობ, ისინი ხვალაც მხარს დაგვიჭერენ.
ჯანო ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. ის ფიზიკურად მზადაა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლია. არ გამოვრიცხავ, რომ ის მატჩის ბოლოს მოედანზე ვიხილოთ. რაც შეეხება კაჭარავას, სამწუხაროა, რომ მას კლუბში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. შესაძლოა, ის სასტარტო შემადგენლობაში იყოს ან თამაში ნომინალური ცენტტ-ფორვარდის გარეშე დავიწყოთ.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.