ვლადიმირ ვაისი: “ავსტრიაში მოსაგებად ჩამოვედით”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩს ავსტრიაში ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ვენაში მატჩისწინა დღეს ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. გუნდმა 25 მოთამაშის შემადგენლობით “ერნსტ ჰაპელის” სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
“არ ვიცი ხვალ რა შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ავსტრიელები, შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. ისინი სახლში თამაშობენ და რა თქმა უნდა, მოსაგებად ითამაშებენ. ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ და გვსურს, რომ ირლანდიასთან კარგი თამაშის შემდეგ ქულები ავიღოთ.
დიახ, დღეს ჩამოვედით, როგორც ყველა სხვა გუნდი. გუშინ აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, დღეს კი ტაქტიკური ვარჯიში გვექნება. თამაშებს შორის დიდი დრო არ არის. ამ მხრივ, ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაშია. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება: ან იძულებითი, ან ტაქტიკიდან გამომდინარე.
ავსტრიასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩემი აზრით, გუნდი უკეთ თამაშობს. ჯერ ჯგუფში არ მოგვიგია, მაგრამ ამის გაკეთებას ხვალ შევეცდებით. ჩვენ უფრო შეთამაშებული და თავდაჯერებული ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. თამაშში ერთზე მეტი ბურთის გატანა გვიჭირს და სწორედ ამიტომაა, რომ ოთხი ფრე გვაქვს. შევეცდებით, რომ ეს შეცვალოთ”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.