ვლადიმირ ვაისი: “ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა ნაკრებში კლუბებმა არ გამოუშვეს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადების ფარგლებში დღეს მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან შეხვედრების მნიშვნელობაზე და შემადგენლობაში გამოძახებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ლაშა პარუნაშვილი შეუერთდა. ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. ანდრო ჟორდანიას სახელობის თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ვლადიმირ ვაისი: „ამჯერად, ძირითადად, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების გამოძახება მოვახერხე, რადგან ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა ნაკრებში კლუბებმა არ გამოუშვეს. – გასათვალისწინებელია, რომ ამ ფეხბურთელების უმრავლესობასთან პირველად ვმუშაობ. მე მათ ვიცნობ ეროვნული ჩემპიონატის გასული სეზონიდან, და მიმაჩნია, რომ ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან, რომლებიც საქართველოში ასპარეზობენ. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ, მათგან მხოლოდ დავით ხოჭოლავას გამოძახება შევძელი. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ. ეს მათთვის დიდი გამოწვევაა და ზოგიერთისთვის, ალბათ, პირველი გამოცდილება სანაკრებო დონეზე. ვნახავთ, შეძლებენ თუ არა ისინი ამ შანსის გამოყენებას. ამ მომენტისთვის კი, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელი მათგანი დაეხმარება ჩვენს ნაკრებს მომავალში…
თუკი მსოფლიო ფეხბურთს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ უზბეკეთს ძლიერი გუნდი ჰყავს. მართალია, ისინი აზიის სექციაში ასპარეზობენ, თუმცა, თამაშობენ საკმაოდ მაღალ დონეზე და რამდენიმე მათი ფეხბურთელი რუსეთის წამყვან კლუბებში თამაშობს, ისევე როგორც ყატარსა და სხვა ქვეყნებში. მართალია, ეს ფეხბურთელები მათ საქართველოსთან თამაშში ვერ დაეხმარებიან, თუმცა, მათი ძირითადი შემადგენლობის დაახლოებით 70 პროცენტი მაინც ითამაშებს, ჩვენთან კი – მხოლოდ ახალწვეულები არიან. ჩვენ ამ მეტოქის არ გვეშინია და გვსურს, მას ღირსეულად დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იორდანიას. ამ ნაკრების ბოლო რამდენიმე თამაშს ვუყურე. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სწორედ უზბეკეთთან ჰქონდათ დაპირისპირება და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ისინიც საკვალიფიკაციო ციკლის თამაშებისთვის ემზადებიან. შევეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ ამ თამაშშიც, თუმცა, მთავარი ჩვენთვის მაინც ის არის, რომ ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ და დამანახონ, რომ ისინი მომავალშიც შეძლებენ ნაკრებში ასპარეზობას. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ამგვარი ამხანაგური თამაშების ჩატარების და ახალი მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს. ახლაც არ არის იდეალური პერიოდი, რამეთუ ბევრი ფეხბურთელი წელს პირველად იწყებს სერიოზულად ვარჯიშს. ვნახოთ, რა გამოგვივა მოედანზე…
შარშანდელი ლეგიონერების გარდა მე ასევე მსურდა თბილისის „დინამოს“ რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახება – მაგალითად, მათე ცინცაძის, პარუნაშვილის, ჯიღაურის. თუმცა, ეს მოთამაშეებიც ახლახანს ახალ კლუბებში გადავიდნენ და ამჟამად ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. ძალიან მინდოდა იმ ფეხბურთელების გამოცდა, რომლებმაც გასული წლის ოფიციალურ თამაშებში ბევრი დრო ვერ გაატარეს მოედანზე. ასეთები არიან დვალი, კაკაბაძე, კაჭარავა და სხირტლაძე. არ მესმის, რატომ არ გამოუშვეს ისინი მათმა კლუბებმა. მე თვითონ ვმუშაობდი საკლუბო დონეზე, და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი მოთამაშეები ნაკრების თამაშებზე გამეშვა – ეს მათთვის დიდი პატივია და მათ საკუთარი თავის გამოჩენის უფრო დიდი შანსი ეძლევათ, ვიდრე რეგულარულ მატჩში თავიანთ კლუბებთან ერთად,”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში 20 იანვრის ჩათვლით მოემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით გუნდი დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება.