ვლადიმირ ვაისი: “გათვლა გვქონდა, რომ მეტოქე დაიღლებოდა და შემდეგ ჩვენს საქმეს გავაკეთებდით”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვისა და საქართველოს ნაკრებთა შორის გამართული მატჩი (2:2) ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაჯამა.
“გულშემატკივრებმა საინტერესო ფეხბურთი იხილეს. თამაში ორ სხვადასხვა ტაიმად დაიყო: პირველ ნახევარში მეტოქემ შეცდომებზე დაგვიჭირა და ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ სულ სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ. შეტევაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ და უკეთ ავთამაშდით. შესაძლოა, პირველ ტაიმში სწორად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვქონდა განზრახული: ვფიქრობდით, რომ მეტოქე დაიღლებოდა და შემდეგ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებდით, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ გვყოფნის. ყაზაიშვილი და მერებაშვილი მოედანზე კარგად შემოვიდნენ და თითო-თითო გოლი გაიტანეს.
გვინდოდა, რომ პირველ ტაიმში კარი მშრალად შეგვენახა. მოლდოვის ნაკრებს დაცვის ფლანგებზე ასაკოვანი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, რომ მეტოქე ფიზიკურად დაიღლებოდა და მატჩის ბოლოსთვის ძალა აღარ ექნებოდა. ჩვენ ასეთი გათვლები გვქონდა, მაგრამ არა 0:2-ზე. როგორც აღმოჩნდა, თამაში არასწორად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ცვლილებები გავაკეთეთ და სიტუაცია გამოვასწორეთ. ზოგჯერ დაცვით ფეხბურთს უფრო მეტი პრობლემა მოაქვს. ასე მოგვივიდა ჩვენც პირველ ტაიმში. ასეთ თამაშში ჯანო ანანიძის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო.
მოგება მასპინძელ გუნდსაც სურდა და სტუმარსაც, მაგრამ სიტუაცია უცვლელი დარჩა: მოლდოვის ნაკრები კვლავაც ბოლო ადგილზეა, ჩვენ კი ბოლოსწინა პოზიცია გვიკავია.
კარგია, რომ მეორე ტაიმში ბიჭებს ანგარიშის გათანაბრება სურდათ და ეს მოახერხეს კიდეც. დაწინაურებაც შეგვეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რაც ჩვენთვის არახალია.
ვთვლი, რომ ფრე სამართლიანი შედეგია, ვინაიდან პირველ ტაიმში მოლდოვის ნაკრებმა უკეთ ითამაშა, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ჩვენ ვაჯობეთ. როგორც მწვრთნელს, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს საფიქრალი, რადგან შეცდომები მრავლად გვაქვს.
რაც შეეხება მეორე გაშვებულ გოლს, ჩემი აზრით, ბურთი პირით ხაზს ოცი სანტიმეტრით გადასცდა, მაგრამ ასეთი შეცდომები ხდება ხოლმე. მსაჯები შეცდნენ, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. ყველა ცდება: მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც. სამწუხაროდ, არბიტრი ჩვენ სასარგებლოდ არ შეცდა”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვაისმა.