ვლადიმირ ვაისი: “გვაქვს იმის საფუძველი, რომ წარმატებაზე ვიფიქროთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მატჩის შემდეგ, ტრადიციული ემოციები იყო. ფეხბურთელების თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მათ ჩემი დავალებები უმეტესწილად შეასრულეს. ცენტრალური მცველებისა და მეკარის პოზიციური შეცდომის შემდეგ ორი გოლი გავუშვით. მათ ვუთხარი, რომ თუ ასე მუშობას გავაგრძელებთ, წარმატების შანსი გვექნება. გვაქვს იმის საფუძველი, რომ წარმატებაზე ვიფიქროთ.
ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ვთვლი, რომ დაუშვილმა კარგად ითამაშა, გურამ კაშიამ კი ცენტრალური მცველის პოზიციის მაგივრად, საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. ავსტრიის ნაკრებს ძლიერი შეტევა ჰყავს, ამიტომ ასეთი ტაქტიკით თამაში გადავწყვიტეთ. მიხარია, რომ ჯანომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა და ლამაზი გოლი გაიტანა. ოქრიაშვილს ორი თვეა არ უვარჯიშია და მოედანზე ისე შემოვიდა.
ცენტრალურმა მცველებმა ისე მჭიდროდ არ ითამაშეს, როგორიც საჭირო იყო. ჩვენ მცველების საშუალებით ბურთს ისე ვერ ამოვიტანთ, როგორც ამას “ბარსელონა” აკეთებს, ამიტომ შეტევაში ბურთის გადატანას კაშიათი და დაუშვილით ვცდილობდით.
ამ ეტაპზე, ოქრიაშვილს 20 წუთზე მეტი დროით თამაში არ შეუძლია. რა თქმა უნდა, მარცხის შემდეგ გუნდის გაკრიტიკება შეიძლება.
ჩემი აზრით, ამისულაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა. დიდი ხანია, არ მახსოვს, საქართველოს ნაკრებს ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ამდენი მომენტი შეექმნას. მხოლოდ გამოუცდელი ფეხბურთელებით ფონს გასვლა რთულია, ამიტომ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები უნდა გვყავდეს. რაც შეეხება ჭანტურიას, ის ძალიან ემოციურია. რა თქმა უნდა, მის ხასიათს ვერ შევცვლი, თუმცა შევეცდები მისი მიდგომა ცოტათი შეიცვალოს. მას ძალიან დიდი ნიჭი აქვს. ან გამოვა მისგან რამე, ან აღარ ითამაშებს.
უნდა გავაანალიზოთ, რომელ გუნდებში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები და რომელ გუნდებში თამაშობენ ავსტრიელები. ზოგადად, ყველა მატჩს თავისებურად უნდა მიუდგე.
გიორგი არაბიძე? მას ვაკვირდები. ამ დღეებში მამამისთან საუბარს ვაპირებ, რადგან ვიცი, რომ რაღაც პრობლემები არსებობს. მას დიდი მომავალი აქვს. საუბრის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ და გავიგებთ, არის თუ არა მზად ის ნაკრებისათვის.”