ვლადიმირ ვაისი: “ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.
წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.
ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ, სადაც პლეი-ოფის ფინალის საგზური მოვიპოვეთ, უკვე ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით. სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს ჩვენ მოწინააღმდეგეს. მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა ხვალინდელ შეხვედრაში, რადგან ხვალ მეტოქეები ვიქნებით”, – ციტირებს ვაისის სიტყვებს GFF.GE.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი-საქართველოს დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ ტიხში, 11 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: GFF.GE