ვლადიმირ ვაისი: “მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ სამი ქულის აღებას ვეცდებით”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
“მოლდოვასთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება. ეს წინასწარ ვიცოდით, ვგულისხმობ მჭედლიძეს, ოქრიაშვილს, ჭანტურიას, ხოჭოლავას, ლორიას. მოსამზადებელი პერიოდისას კი, ანანიძეც გამოგვაკლდა. აქედან გამომდინარე შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება.
მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ვეცდებით სამი ქულის აღებას. იმიტომ, რომ ჩვენი მეტოქე ისრაელთან ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ ხვალინდელ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. ვნახოთ, იმედი მაქვს კარგი თამაში გამოვა. სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
სამი სათამაშო სქემა დავამუშავეთ. ჯერ არ ვიცი რომელს გამოვიყენებთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ფეხბურთელებს ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დავაკვირდებით. ტაქტიკას რაც შეეხება, ყველაფრის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ შეიძლება ფეხბურთელებმა ვერ შეასრულონ ან მეტოქემ არ მოგცეს ამის საშუალება.
მოლდოვის ნაკრები არ თამაშობს ისე ცუდად როგორი შედეგიც აქვს. იგორ დობროვოლსკი გამოცდილი მწვრთნელია. ისინი 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობენ. კარგი პრესინგის თამაშიც შეუძლიათ. ინდივიდუალური შეცდომების გამო მარცხდებიან და ამის გამო არ აქვთ გარკვეული წარმატება. მათ პრესინგს ჩვენც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან მოლდოვა საკუთარ სტადიონზე პირველ ნომრად ითამაშებს. როგორც ეს ირლანდიასთან და სერბეთთან სცადეს. ვიდრე გოლს გაუშვებდნენ, მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
მარტივი მატჩი არ გველის, მაგრამ ჩვენის მხრივ შევეცდებით წამყვანი მოთამაშეების გარეშე კარგი თამაში ვაჩვენოთ. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ მეტი აგრესიის გამოვლენა შეუძლიათ და წარმატების მოტანა.”
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.