ვლადიმირ ვაისი: “მიუხედავად დანაკლისისა, ვიბრძოლებთ სამი ქულისთვის”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩს უელსის ნაკრებთან ჩაატარებს. ოფიციალურ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“უელსის ნაკრები 6 ოქტომბერს დანაკლისით იასპარეზებს. გარეტ ბეილი, რომელიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა ხვალინდელ მატჩში არ იქნება, თუმცა უელსს სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. დიდი დანაკლისი აქვს ჩვენს გუნდს ჯანო ანანიძის, ლევან მჭედლიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით.ძლიერ ჯგუფში ვართ და ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რომელი გუნდი შეძლებს მომდევნო ეტაპზე გასვლას. ძალიან რთულია პარალელის გავლება ჩვენს წინა მატჩთან, რადგან ხვალინდელ შეხვედრას განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით და სავარაუდოდ, სხვა სტილის თამაშს ვიხილავთ. მიუხედავად დანაკლისისა, ჩვენი განწყობა საბრძოლოა. უელსთან შეხვედრაში მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოსთვის და 3 ქულისთვის.
ძალიან ვწუხვარ თორნიკე ოქრიაშვილის გამო. ის ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ძალიან დიდი შრომა მოუწევს მოედანზე დასაბრუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ სირთულეების გადალახვას შეძლებს და დაბრუნდება…
ახალი ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად დაემატებიან.შემადგენლობაშია სიხარულიძე ეროვნული ლიგიდან, რომელიც ნაკრებს თანდათან ეჩვევა. ჩაკვეტაძისა და არაბიძის სახით გვყავს კარგი ახალგაზრდები, თუმცა ეს მოთამაშეები არ უნდა „გადავწვათ“. ასევე გვაქვს შეთანხმება ახალგზურდულის ნაკრების მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან და სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე და გიორგი არაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.