ვლადიმირ ვაისი: “მოლოდინი გვქონდა, რომ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვექნებოდა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
გიბრალტართან გამარჯვებაზე: “ყოველთვის მნიშვნელოვნია სამი ქულის მოპოვება, თუნდაც რეიტინგში ჩვენზე უკან მყოფ გუნდთან. მოლოდინი გვქონდა, რომ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვექნებოდა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა. როცა 3:0-ს იგებ, უფრო მეტი უნდა ეცადო იმისათვის, რომ კიდევ მეტი გოლი გაიტანო. მომდევნო მატჩისათვის მზადება უკვე დაწყებულია. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ხმის აწევა მომიწია. მეორე ნახევარში რამდენიმე ცვლილება გავაკეთეთ. კიტეიშვილი და პაპუნაშვილი თამაშში კარგად ჩაერთვნენ. კვეკვესკირმა-კანკავა-გვილიამ მეორე ნახევარში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.”
ჯაბა კანკავაზე: “მას ყვითელი ბარათი ჰქონდა, ამიტომ შევცვალე. კანკავამ დიდი ჯელტმენობა გამოიჩინა, როცა ახალგაზრდა მოთამაშეს (ვატო არველაძეს) მხარი დაუჭირა და მას პენალტის დარტყმის საშუალება მისცა.”
ტრავმირებულ ფეხბურთელებზე: “კვარაცხელიას ტრავმაზე გამოკვლევების ჩატარების შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება, სამედიცინო შტაბი მასზე ინფორმაციას ხვალ მოგვაწვდის. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გამოემგზავრება თუ არა ხოჭოლავა დანიაში, მან ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, ტრავმის გამო დანიასთან კვერკველიაც ვერ ითამაშებს.”
ლორიაზე: “ჩვენ ირლანდიასთან გაშვებულ გოლზე ბევრი ვისაუბრეთ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მან დღეს საქართველოს ნაკრები გადაარჩინა.”
დანიასთან მატჩზე: “როდესაც მატჩებისათვის ვემზადებოდით, ბევრს ვფიქრობდი, რადგან ტრავმების გამო, ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა. დანია ტოპ კლასის გუნდია. შევეცდებით, დანიაში სწრაფი ფლანგებით ვითამაშოთ. ჯერ-ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში. არ არის გამორციხული, მჭედლიძე სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, შემადგენლობაში ორი-სამი ახალი მოთამაშე იქნება.”
GFF.GE-ს ფოტო