ვლადიმირ ვაისი: “მოთამაშეთა დონის გათვალისწინებით, ყაზახეთი უნდა დაგვემარცხებინა”
საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრა “ჯვაროსანთა” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაჯამა.
“პირველი მატჩი მწვრთნელისთვის ყოველთვის რთულია. რაც შეეხება შედეგს, უკმაყოფილო ვარ. გუნდის ნახევარმა დავალებას თავი გაართვა, ნახევარმა – ვერა. არ იყო ისეთი ბალანსი მიღწეული, რომელიც დადებით შედეგამდე მიგვიყვანდა, თუმც საგოლე მომენტები გვქონდა. ვერ გამოვიყენეთ და იმიტომაც ვერ გავიმარჯვეთ. რაღაც აკლია გუნდს და ეს დავინახე. ყაზახეთის ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ მეტოქე უნდა დაგვემარცხებინა.
რაც შეეხება შემადგენლობას, მჭედლიძემ გუშინდელ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო, ამიტომ არ იყო მზად სათამაშოდ. ამის გამო ყაზაიშვილმა თავის პოზიციაზე არ ითამაშა. მინდოდა, რომ მის წინ მჭედლიძე და ვაწაძე დამეყენებინა. სამომავლოდ არ ვგეგმავ, რომ ვაკო ამ პოზიციაზე გამოვიყენო.
რაც შეეხება ცვლილებებს, ყენია და ვაწაძე მატჩის ბოლოს გამოვიდნენ. კმაყოფილი ვარ კანკავასა და ნავალოვსკის თამაშით, საუკეთესო იყო ოქრიაშვილი, გამოვარჩევ კაშიასაც, ახალგაზრდა აბურჯანიაც კარგი იყო. უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუმცა არა უშავს, პირველი სანაკრებო მატჩია და ეპატიება. მეტს ვითხოვ ყაზაიშვილისგან და კაჭარავასგან. ამ უკანასკნელს ორი მომენტი ჰქონდა. გადავწყვიტეთ, რომ ამისულაშვილსა და კვერკველიას თითო ტაიმი ეთამაშათ. ნუკრი რევიშვილს სრულად მივეცით თამაშის შესაძლებლობა, ვინაიდან საკლუბო დონეზე ბოლო მატჩებში სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა და ფსიქოლოგიურად რომ არ გატეხილიყო. მისი დონისა და გიორგი ლორიას დონის შესახებაც ვფლობთ ინფორმაცის.
მეტი შანსი მივეცი იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საკლუბო დონეზე ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. ჯანო ანანიძეს ღმერთისგან მომადლებული ნიჭი აქვს, თუმცა ინდივიდუალურად მეტი უნდა იმუშაოს. მას საკლუბო დონეზეც არ ეძლევა სრულად თამაშის შესაძლებლობა, თუმცა მის გარეშე ჩვენი გუნდის შეტევა ვერ წარმომიდგენია. ჭანტურიამ, კაჭარავამ მეტი უნდა გვიჩვენოს. დავინახე, ვინ იხარჯება ბოლომდე, ვინ სცემს ნაკრებს პატივს. ამ შედეგისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, უბრალოდ უნდა დავინახოთ პრობლემები.
სამი ამხანაგური მატჩი გველის: სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან. უნდა ვიმუშაოთ იმ სისუსტეებზე, რომელიც დღეს გამოვლინდა – კერძოდ, შეტევიდან დაცვაზე გადაწყობაზე, მეტოქის კონტრშეტევების აღკვეთაზე.
მესამე ადგილი ქვეჯგუფში არაფერს არ მოგვცემს, ყველა გუნდი იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის. ადამიანი და მწვრთნელი ყოველდღიურად სწავლობს. მე ახლა დავიწყე საქართველოს ნაკრებში სწავლა. სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ნახევარ გუნდს უკეთ თამაში შეუძლია. მათ საკმარისი ნიჭი აქვთ.
საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელებისგან რჩევებს მივიღებ. მეტ ინფორმაციას გავეცნობი ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების შესახებ. სამომავლოდ გია გრიგალავასა და ოთარ კაკაბაძის გამოძახებაც მინდა. ნაკრებისთვის მეტი ძალისხმევის გაღებაა აუცილებელი. ყენია ალბათ ცოტა გვიან შემოვიდა მოედანზე, თუმცა მჯეროდა, რომ ოქრიაშვილი ან ყაზაიშვილი გაიტანდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ვაკოს საუკეთესო თამაში”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ ვაისმა.