ვლადიმირ ვაისი: “შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს არის რეალობა…”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
კვერკველიას ძირითად შემადგენლობაში არყოფნაზე: “გადავწყვიტე, რომ ხოჭოლავასთვის მიმეცა შანსი. კვერკველიამ თავად იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.”
შვეიცარიის ნაკრებზე: “რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე ძლიერ მეტოქეს შევხვდით. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია, რომ ამ დონეზე თანაბრად ვითამაშოთ. შვეიცარიელთათვის ეს მატჩი განსაკუთრებული არ ყოფილა, ჩვენ კი იშვიათად გვიწევს ასეთი დონის მეტოქესთან შეხვედრა. ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ერთა ლიგის გათამაშებისაგან ძალიან განსხვავდება. შეიძლება, ირლანდიაში სხვა შედეგი დავაფიქსიროთ, მაგრამ შვეიცარია ნამდვილად გამორჩეულია.”
ჯანო ანანიძის შესახებ: “ანანიძემ პირველ ტაიმში ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო თამაში ჩაატარა. მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა, რადგან შვეიცარიელებმა დაცვის განლაგება შეცვალეს. ქვილითაია და ანანიძე ხანგძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და მათთვის პირველივე მატჩის თამაში ადვილი არ ყოფილა.”
თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ: “ის უკვე სამი თვეა უკლუბოდ იმყოფება. ოქრიაშვილი ფიზიკურად 15 წუთით თამაშისათვისაც კი მზად არ იყო.”
ფეხბურთელებზე: “ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში საკმაოდ რთულია. მოგეხსენებათ, როგორ ჩემპიონატებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები. შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს არის რეალობა.”
ირლანდიასთან მატჩზე: “ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტაბიძე ირლანდიაში არ გვეყოლება. სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში, შემადგენლობაში ორი-სამი ცვლილება იქნება. შევეცდებით ირლანდიასთან ქულების აღებას. მათთან თამაში ადვილი არასოდესაა. ფეხბურთელებს დიდი ფიზიკური დატვირთვა ექნებათ.”