ვლადიმირ ვაისი: “ვაღიარებ, რომ სერბეთის ნაკრებმა გვაჯობა”
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა ბელგრადში ჩაატარა, სადაც სერბეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა აღიარა, რომ სერბებმა უკეთ ითამაშეს.
“პირველ რიგში, ვულოცავ მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინს, სერბ ფეხბურთელებსა და მათ ქომაგებს. სერბეთის ნაკრები კარგი გუნდია და ამ ჯგუფში საუკეთესო იყო.
ჩვენმა გუნდმაც შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შეტევაში ხარისხი გვაკლია. მომავალში დამაგვირგვინებელ ეპიზოდებზე უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან გოლის გარეშე ვერ მოიგებ და ქულებს ვერ მოიპოვებ. უნდა ვაღიარო, რომ სერბეთის ნაკრებმა გვაჯობა.
დუშან ტადიჩი თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნემანია მატიჩი, ალექსანდარ კოლაროვი, ალექსანდრ მიტროვიჩი… სერბებს ბევრი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ და ბევრი მათგანისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უკანასკნელი შანსი იყო”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა.