ვლადიმირ ვაისი: “ხვალ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსთან მეორე ტაიმში”
ხვალ 2018 მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი “დინამო არენაზე” მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლებს. დღეს ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო “ჰუალინგში” მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
“საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსის ნაკრებთან მეორე ტაიმში. მეტოქეს ვაფასებ, მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე მოლდოვის ნაკრებს. მეტოქეს რამდენიმე კარგი, გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან. ყველაზე მთავარი გოლების გატანაა.
ყოველთვის ვცდილობთ შემტევი ფეხბურთის ჩვენებას, გასათვალისწინებელია მეტოქის დონეც. ხვალ ვნახავთ, რა შეგვიძლია. თუ სამ ქულას ვერ ავიღებთ, დანარჩენ მატჩებს ამხანაგური შეხვედრის ტოლფასი მიეცემა. შემტევი ფეხბურთი კარგია, მაგრამ ამავდროულად უნდა ვითამაშოთ ჭკვიანურად, თამაში გავაკონტროლოთ. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ათი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გადამწყვეტი მომენტები უნდა გამოვიყენოთ.
მოხარული ვარ, რომ ჯაბა კანკავა დაბრუნდა. მან სამი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ უთამაშია, რაზეც ძალიან ნერვიულობდა. ვფიქრობ, იგი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. რაც შეეხება ზოგადად შემადგენლობას, ჯერ კიდევ ვფიქრობ ერთ-ორ პოზიციაზე. ცვლილებები იქნება შემადგენლობაში.
თემურ ფარცვანიას თამაშს თვალყური მივადევნე, მაგრამ ყველა ვერ მოხვდება ნაკრებში. კი ბატონო, კარგად ითამაშა, მაგრამ გუნდში კაკაბაძე და ლობჟანიძე გვყავს. თუ ჯგუფიდან გასვლისთვის შანსს შევინარჩუნებთ, შედარებით ნაკლები ცვლილება იქნება. გვინდოდა, რომ ჯიქიას ჩვენთან ეთამაშა, მაგრამ ჯერჯერობით იგი რუსეთის ნაკრებში ემზადება, ეს მისი გადაწყვეტილებაა. შანსი მიეცათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, გვილიას, კაკაბაძეს და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. გუნდს მომავალი აქვს, მაგრამ ხარისხს უნდა მოვუმატოთ, გოლების გატანა დავიწყოთ”, – განაცხადა ვაისმა.