ვლადიმირ ვაისი: “საქართველოს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა”
საქართველოს ნაკრებმა მადრიდში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ნაკრებისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იყო.
“საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ეს მეტ ძალასა და თვითრწმენას შეგვძენს. დიდი გუნდი არ ვართ, თუმცა რასაც მივაღწიეთ, ნამდვილად დიდებული რამ გახლავთ.
ესპანეთის ნაკრებს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მაგალითად – ანდრეს ინიესტა. ისინი კარგად იბრძოდნენ, მაგრამ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტთა შორისაა. მომწონს ესპანური ფეხბურთი და ძალიან გახარებული ვარ, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა მათი ეს მარცხი იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთის ნაკრები ტურნირის ფავორიტი აღარ არის.
ესპანეთის ნაკრების მეტოქეებს შეუძლიათ გააკეთონ იგივე, რაც გააკეთა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, თუმცა ნებისმიერს საკუთარი მეთოდი აქვს.
ესპანეთის ნაკრებს დიდებული გუნდი ჰყავს, რომელსაც ვისენტე დელ ბოსკეს სახით ძალზედ ჭკვიანი და წარმატებული მწვრთნელი თავკაცობს”, – აღნიშნა მოგებული მატჩის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა.