ვლადიმირ ვაისი: “მატჩამდე ქულაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ…”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა და მატჩის საბოლოო რეზულტატი შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო.
“მატჩამდე ქულაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის თამაშისა და კარგი შეტევების შემყურე, შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. შეხვედრის დებიუტში მეტოქე ზედმეტად დავაფასეთ, თუმცა მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით.
შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, ვინაიდან შინ ყველა ფრედ თამაშობს, ჩვენ კი საშინაო კედლებში უნდა გავიმარჯვოთ. ერთი ქულა გვაქვს, რაც ბევრი არ არის, თუმცა კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მხოლოდ 23-24 წლისანი არიან”, – აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.