ვლადიმირ ვაისი: “მატჩში მხოლოდ ორმა-სამმა ფეხბურთელმა შეასრულა საკუთარი ფუნქცია”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი ფუნქციები მხოლოდ ორმა-სამმა ფეხბურთელმა შეასრულა.
“დღევანდელი მატჩის ვერმოგების მიზეზი მარტივია – მხოლოდ ორმა-სამმა მოთამაშემ შეასრულა საკუთარი ფუნქცია. დანარჩენებმა თავიანთ დავალებას თავი ვერ გაართვეს. ქვილითაიას საკუთარი ფუნქციები რომ შეესრულებინა, კარგი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები ვერ გავახარეთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს წარმოუდგენელი გოლი გავუშვით. მინდოდა, რომ საყრდენი ზონა გამეძლიერებინა, საიდანაც მოდიოდა მეტოქის კონტრშეტევები.
ბუბა დაუშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და ცოტა შემეშინდა, შემდეგ ოქრიაშვილიც გააფრთხილეს, ამიტომ კანკავა გამოვიყვანე საყრდენ ზონაში. სამწუხაროდ, ყაზაიშვილიც დაშავდა და ამის გამო შევცვალეთ. დღეს განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაშის მიმდინარეობაზე სასიკეთოდ ვერ იმოქმედა. მეორე სართულზე დაცვაში ძალიან ცუდად ვთამაშობთ, მეტოქის თითქმის ყველა ჩაწოდებას სახიფათო მომენტი მოჰყვა.
მეტოქის გოლს რაც შეეხება, ამ მომენტში სამი შეცდომა დავუშვით: ბურთი ცუდად გამოვიტანეთ საჯარიმოდან, შემდეგ მეორე სართულზე ბრძოლა წავაგეთ, ლორიამაც გაურკვევლად ითამაშა.
სამწუხაროდ, ვერც ჩვენი და არც გულშემატკივრის მოლოდინი ვერ გავამართლეთ. ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ: ფეხბურთელები, გულშემატკივრები. ეს შედეგი არავის სურდა. არც პირველ ტაიმში ვითამაშედ ძალიან კარგად, რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ ავნერვიულდით. მოედანზე არ აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშის მიმდინარეობას საკუთარ თავზე აიღებდა.
გუნდში მყავს ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძის სახით, რომელმაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა შეტევაში, თუმცა შემდეგ შეცდომაც დაუშვა. იგი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ შესაძლოა, ამ ეტაპზე მასზე გადაჭარბებული მოლოდინი მქონდა. ამავე პოზიციაზე გვყავს უჩა ლობჟანიძე.
არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავიდოდა. მე ვთქვი, რომ გვყავს კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. დღეს ჯერ კიდევ გვქონდა შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან გავუშვით”, – განაცხადა ვაისმა.