კვირის კარიკატურები
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ბავარიული გუნდის ფეხბურთელები თამაშის სტილის გამო გააკრიტიკეს, მათ ტემპი დაუწუნეს და ერთფეროვნებაში დასდეს ბრალი. „ბაიერნის“ შეტევითი ხაზის განეიტრალება სერხიო რამოსმა და პეპემ შესანიშნავად მოახერხეს, იკერ კასილასმა კი კვლავ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. ჟოზე მოურინიომ თამაში ჩაკეტა და თუ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებულ ტერმინს გამოვიყენებთ, საკუთარი კარის წინ „ავტობუსი დააყენა“. ფაქტი ერთია: „ჩელსიმ“ კარი მშრალად შეინახა და „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.
რაიან გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 13 წლის ასაკიდან არის. ამ ხნის განმავლობაში მან უმარავი ტიტული მოიგო. კლუბის თავკაცის პოსტიდან დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ 40 წლის გიგზი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. უელსელმა პირველ გამოცდას წარმატებით გაართვა თავი და „ნორვიჩ სიტი“ შინ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ინტერესები უარყო. კლოპმა განაცხადა: „1000 მიზეზი მაქვს იმისა, თუ რატომ ვარ ბედნიერი „ბორუსიაში“ მუშაობით“. როგორც ჩანს, გერმანელი სპეციალისტი „წითელი ეშმაკების“ მაცდურ წინადადებას არ წამოეგო.
ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com