უელსის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)
ლილის “პიერ მორუაზე” უელსისა და ბელგიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა. მატჩი ბელგიელებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ერთ ეპიზოდში გოლის გატანის სამი შესაძლებლობიდან ვერცერთი ვერ გამოიყენეს. მე-13 წუთზე მარკ ვილმოტსის გუნდმა ანგარიში მაინც გახსნა: რაჯა ნაინგოლანის უძლიერეს გასროლას მეკარე უეინ ჰენესიმ ვერაფერი მოუხერხა. გატანილი გოლის შემდეგ ბელგიელებმა უპირატესობა დათმეს, უელსელები გააქტიურდნენ და ტაიმის შუაწელს ნილ ტეილორს წონასწორობის აღდგენის მშვენიერი შანსი მიეცა, თუმცა ტიბო კურტუამ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი იხსნა. შეხვედრის 31-ე წუთზე ბრიტანელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს: გოლი კუთხურს მოყვა, საჯარიმო მოედანზე ეშლი უილიამსი უყურადღებოდ დატოვეს და უელსელთა კაპიტანმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1. მატჩის პირველი ნახევარი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე ბელგიელები კვლავ გააქტიურდნენ, თუმცა 55-ე წუთზე უელსელები დაწინაურდნენ: გარეტ ბეილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი აარონ რემზის ჩაუგდო, ამ უკანასკნელმა კი ჰელ რობსონ-კანუ მოძებნა, უელსელმა ფორვარდმა ბურთი კარისგან ზურგით მდგარმა მიიღო, თუმცა ერთი მოძრაობით შემოტრიალდა, მცველები ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა – 2:1. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე კარგი შანსი მარუან ფელაინის ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს. ტაიმის მიწურულს კრის კოულმენმა რობსონ-კანუს ნაცვლად მოედანზე სემ ვოუქსი გაიყვანა და 86-ე წუთზე ამ უკანასკნელმა თავური დარტყმით ბრიტანელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ამრიგად, კოულმენის გუნდმა ბელგია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და პირველივე ჯერზე გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ პორტუგალია ელის.
ევრო-2016
მეოთხედფინალი
უელსი — ბელგია 3:1 (1:1)
უელსი: ჰენესი; განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, ტეილორი; ალენი, ლედლი (კინგი 78′); რემზი (კოლინსი 90′), ბეილი; რობსონ-კანუ (ვოუქსი 80′).
მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმენი.
ბელგია: კურტუა; მენიე, ალდერვეირელდი, დენაიე, ჯორდან ლუკაკუ (მერტენსი 75′); ნაინგოლანი, ვიტსელი; კარასკო (ფელაინი 46′), დე ბრეინე, აზარი; რომელუ ლუკაკუ (ბატშუაი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.
გოლები: უილიამსი 31′, რობსონ-კანუ 55′, ვოუქსი 86′ — ნაინგოლანი 13′.
გაფრთხილებები: დევისი 5′, ჩესტერი 16′, განტერი 24′, რემზი 75′ — ფელაინი 58′, ალდერვეირელდი 85′.
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).