“White Lives Matter” ბანერის ავტორი სამსახურიდან დაითხოვეს, მას სამუდამო დისკვალიფიკაციაც ელის
“ბერნლის” ქომაგი ჯეიკ ჰეპლი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყებამდე მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ჩაიმუხლეს კამპანია “Black Lives Matter” (“ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”) მხარდაჭერის ნიშნად, რა დროსაც “ეტიჰადს” გადაუფრინა თვითმფრინავმა ბანერით “White Lives Matter, “Burnley” (“თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, “ბერნლი”). ეს ფაქტი ინგლისის და არამხოლოდ ინგლისის მასშტაბით საკმაოდ რეზონანსული გახდა.
ჯეიკ ჰეპლი კომპანია Paradigm Precision-ში მუშაობდა, რომლის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ მისი ფირმა რასიზმის ყველანაირ ფორმასა და გამოვლინებას გმობს. კომპანიამ ჰეპლი დაითხოვა, თავად ჯეიკმა კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა:
“მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, რათა მოვუბოდიშო… არავის! ალბათ, ახლა იტყვით, რომ “თეთრკანიანთა სიცოხლე მნიშვნელოვანია” – რასისტული ფრაზაა”.
მოგვიანებით “დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰეპლმა დაამატა, რომ რასისტი არ არის:
“ვიცი, რომ ხალხი ცდილობს, გახდეს ერთი, მაგრამ მე მათ რიგებში არ ვარ. ბევრი ფერადკანიანი და აზიელი მეგობარი მყავს, ჩემი ბანერი კი სწორედ ფერადკანიანთა კამპანიით იყო შთაგონებული .
ფერადკანიანთა შეურაცხყოფა არ მიცდია. მე უბრალოდ მინდა გაგაგებინოთ, რომ თეთრკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა”.
სხვათა შორის, ჯეიკ ჰეპლის შეყვარებულიც გაათავისუფლეს სამსახურიდან სოციალურ ქსელში დაფიქსირებული რასისტული შეხედულებების გამო.
“ბერნლიმ” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საფეხბურთო კლუბი მკაცრად გმობს მომხდარ ინციდენტს. ბოდიშს უხდის პრემიერლიგას, “მანჩესტერ სიტისა” და კამპანიაში – “Black Lives Matter” ჩართულ ყველა პირს. გარდა ამისა, “ბერნლის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბი რასისტულ ქმედებებში შემჩნეულ ფანებს სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯის.