იაია ტურემ საჩუქრით ბოდიში მოუხადა ბავშვს, რომელსაც მატჩის დროს ბურთი გაარტყა
როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიმდინარეობისას “ქალაქელთა” ნახევარმცველ იაია ტურეს მიერ დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე მჯდარ 5 წლის გოგონას მოხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა დიდსულოვნება გამოიჩინა და “ქუინს პარკის” მცირეწლოვან გულშემატკივარს საკუთარი მაისური აჩუქა – წარწერით: “მაპატიე”.
მოგვიანებით ტურემ სოციალურ ქსელში დაწერა:
“დავმშვიდდი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვინერვიულე. ტელეფონით ახლახან ვესაუბრე საყვარელ ქლოის (გოგონას სახელია) და მის მამიკოს. მოხარული ვარ, რომ კარგად არის”.
გოგონამ მაისური “ქუინს პარკ რეინჯერსისგანაც” მიიღო.