ზაბახიძე: „საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს“
როგორც მოგახსენეთ, საქართველოს 3×3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები იტალიიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დღეს, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში, სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ნაკრების წევრებმა და სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ განვლილი შესარჩევი ეტაპი შეაჯამეს. წარმოგიდგენთ გიორგი ზაბახიძის კომენტარს.
„ჩვენმა ნაკრებმა ამ 3×3 კალათბურთში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ამ სპორტს ყოველთვის დიდი ყურადღება ჰქონდა. მალე 3ხ3-ზე კალათბურთი დიდ ოლიმპიადასაც დაემატება. საქართველოში კალათურთის ეს სახეობა უკვე 12 წელი არსებობს. ცოტა ხნის წინ ფიბა-მ მისი დახვეწა გადაწყვიტა, რისთვისაც ჩვენი ქვეყანა მზად აღმოჩნდა. 18-წლამდელებს აქამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გასასვლელად ერთი მოგება დააკლდა. შემდეგი კი სერბეთი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დავამარცხეთ და კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე გავედით, რაც ყველასთვის გასაკვირი იყო.
ჩვენს 18-წლამდელთა ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს, გუნდს მისი კაპიტანი ხელმძღვანელობს. არადა, მეტოქეებს გამოცდილი სპეცილისტები წვრთნიდნენ. მაგალითად, სერბეთს იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი მეგობარი ხელმძღვანელობდა.
ამ ბიჭებს შორის დიდი კალათბურთის ასაკობრივ ნაკრებში ვერც ერთი მოხვდა, სამაგიეროდ, მათ ძალები 3ხ3 კალათბურთის ნაკრებში სცადეს. ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია. ხვალიდან უკვე 10-დღიანი ვარჯიშები იწყება. გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელად მალხაზ ლობჟანიძე დაინიშნა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოს ბევრი სპეციალისტი არ ჰყავს.
ზოგადად, სხვა ქვეყნებში დიდი კალათბურთი ბევრი მოთამაშე სწორედ ქუჩის კალათბურთიდან ხვდება. სამწუხაროა ისიც, რომ საქართველოში 3×3 კალათბუთს ყურადღებას მწვრთნელები არ აქცევენ. ასევე არ გვყავს არც ქუჩის კალათბურთის მცოდნე სპეციალისტები“, – განაცხადა ზაბახიძემ.