ზაფხულის თასი – შანსი დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის
რაგბის ზაფხულის თასი 2018 | გუშინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა რაგბის ზაფხულის თასი 2018 (Rugby Summer Cup 2018) ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.
სვანიძემ სპორტული მედიის წარმომადგენლებს ტურნირის ფორმატი და მონაწილე გუნდები გააცნო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„რაგბის კავშირისა და თიბისის მეგობრობა გრძელდება და მის ფარგლებში რაგბის გურმანებისთვის საინტერესო ამბავს ვაანონსებთ – საქართველო პირველად უმასპინძლებს ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს. საქართველოს ყველასათვის კარგად ნაცნობი, ფრანგული გრანდი, პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’, არგენტინა XV და სწრაფად პროგრესირებადი ბრაზილიის ეროვნული გუნდი ეწვევა.
„რადგან ვადებში შეზღუდული ვიყავით, ტურნირი ორ ტურად იმართება და პირობითად, ევროპელები სამხრეთ ამერიკელებს ვეთამაშებით. დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XV, რომელსაც ბესიკ ხამაშურიძე გაწვრთნის, ‘რასინგ 92-ს’ არ ეთამაშება, თუმცა მათთან გვექნება ერთობლივი ვარჯიში“.
„წინ საპასუხისმგებლო მატჩები გველის. იმ მორაგბეებს, რომლებიც გამორჩეულები არიან საქართველოს ჩემპიონატში და ჯერ ვერ ხვდებიან პირველ ნაკრებში, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც მათთვის დიდი სტიმული იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ელიტურ სარაგბო ქვეყნებს თავი რეგულარულად შევახსენოთ. გეოგრაფიულად, საქართველო სარაგბო ქვეყნებს მოწყვეტილია და ამისათვის მსგავსი აქტივობა მნიშვნელოვანია“.
თავის მხრივ, ნიკა ქურდიანმა ქვეყნისათვის ქართული რაგბის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თიბისი ბანკი მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს:
„თიბისი ბანკისთვის რაგბის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და არა მხოლოდ სპორტული მიღწევების გამო. საქართველოში რაგბი სპორტზე ბევრად მეტია და მას ქვეყნის ცნობადობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტებით ის კიდევ უფრო განვითარდება. ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის“.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი 28 ივლისაა და 3 აგვისტოს, ორ ტურად მესხის სტადიონზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება.
Rugby.Ge