ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“
ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი
– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის
– რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?
– გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს
– შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?
– ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.
– ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?
– თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ
– ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?
– ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება
– ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?
– რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს
– კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?
– ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა
– საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?
– გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.
– ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?
– წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.
– რას ელოდები 2015 წლისგან?
– ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.