ზაზა ჯანაშია: “ზუგდიდში” იური სიომინის მოწვევა მინდა”
საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ახალმა მფლობელმა და დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იური სიომინის მოწვევა სურს, რომელიც დღესდღეობით მოსკოვის “ლოკომოტივს” უდგას სათავეში.
“სიომინის მოწვევა მინდა. ერთი წლით მაინც. სტუმრად აუცილებლად მოვიწვევ. სიომინსაც დავპატიჟებ, ყველა “ლოკომოტიველს” და კლუბის ხელმძღვანელობასაც. მათ ჩემს კლუბს ვაჩვენებ. ვანახებ, რისი გაკეთებაა აქ შესაძლებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ჩემს გეგმებში შედის აკადემია. “ზუგდიდს” ორი მოედანი აქვს და კიდევ ამდენივეს გაკეთება შეიძლება.
ზუგდიდში ყველას უნდა ფეხბურთის თამაში. ფეხბურთის გარდა აქ თითქმის არაფერია. ჩემ დროს გუნდში ყველა მოთამაშე ზუგდიდელი გახლდათ. ქალაქში საკმარისზე მეტი ფეხბურთელი იყო. “სპარტაკის” მსგავსად “ზუგდიდიც” ერთ დროს მხოლოდ ადგილობრივ მოთამაშეებს იყვანდა.
როდის ველოდოთ “ზუგდიდს” ჩემპიონთა ლიგაზე? ორ წელიწადში. სერიოზულად თუ გაინტერესებთ, აქ იმის გაკეთება მინდა, რაც “ლოკომოტივში” ვნახე. იური სიომინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთთან ოჯახებით მეგობრობდნენ. იმედი მაქვს, “ზუგდიდშიც” ასეთი გუნდი შეიკვრება. თუ ეს ასე მოხდება, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გამომივიდა”, – აღნიშნა ჯანაშიამ “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში.