ზაზა ნადირაძემ კანოეს მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
უნგრეთში, ქალაქ სეგედში მიმდინარე კანოეს მსოფლიო თასის გათამაშებაში, კაცებს შორის 200 მეტრზე ფინალურ გაცურვაში წარმატებით იასპარეზა ზაზა ნადირაძემ.
ქართველმა სპორტსმენმა შესარჩევ გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა, ფინალურ ეტაპზე კი დისტანცია 38.50 წამში დაფარა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
პირველ ადგილზე ლიტველი ვადიმ კორობოვი გავიდა (38.42), რომელმაც ნადირაძეს 0.08 წამით აჯობა. მესამე პოზიცია კი კიდევ ერთმა ლიტველმა – ჰენრიკას ჟუსტაუტასმა (38.73) დაიკავა, რომელიც ზაზას 0.23 წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე, რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტ ზაზა ნადირაძესთან ერთად კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, მურნამ მალანიამ მიიღო მონაწილეობა.
მალანიამ ფინალურ ეტაპზე მე-8 ადგილი დაიკავა, რაც 19 წლის სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი შედეგია. მურმან მალანიამ დისტაცნიის დაფარვა 40,56 წამში მოახერხა და ფინალურ გაცურვაში მხოლოდ კორეელ კიმ გიუმეიონს გაუსწრო. 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ გაცურვაში სულ 9 სპორტსმენი მონაწილეობდა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური