ზებედა რეხვიაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს?
დიდი შანსია, ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა სერბეთის სახელით იასპარეზოს. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის სპორტსმენს მოქალაქეობის შეცვლა და ტურნირებზე ამ ქვეყნის სახელით გამოსვლა სურს.
როგორც იცით, რეხვიაშვილი ბოლო წლების განმავლობაში 81 კილოგრამში ჭიდაობდა. საქართველოში, ამ წონით კატეგორიაში კონკურენცია დიდია – ლიდერობისათვის იბრძვიან ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე, ახალგაზრდებში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ახალკაცი, ახალგაზრდებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და სხვები. ბოლო პერიოდში, ზებედას ნაკრებში თავის დამკვიდრება უჭირდა და შესაბამისად, მისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხილვის შანსიც ძალიან ცოტა იყო.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის დებულების მიხედვით, 30 წელს გადაცილებულ სპორტსმენს შეუძლია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს და ამის გამო დისკვალიფიკაციით არ დაისაჯოს. ზებედა 16 თებერვალს 30 წლის გახდება, რის შემდეგაც მას სერბეთში წასვლა შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ზებედა რეხვიაშვილი 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე, 73კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.