“ზეიმი მიგრანტების საფლავებზე” – გერმანელი ფანების ბოიკოტი 2022 წლის მუნდიალს
გერმანელი ფანების ასოციაციამ გერმანული კლუბების ასოციაციას (DFB) კატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდა.
“კატარში მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას არაერთი მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა. დიდი ხანია ვიცით, თუ როგორ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშებს მუშაობა. თებერვლის შუა რიცხვების მონაცემებით მშენებლობას 6 700-ზე მეტი მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა.
ყოველ შვიდ საათში ინდოეთის სუბკონტინეტიდან (პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში) ერთი მუშა იღუპება მშენებლობაზე. მათ სიცოცხლეებს ვეღარ ვუშველით, ეს უკვე ძალიან გვიანია. მაგრამ ამის იგნორირება შეუძლებელია.
სპორტი აერთიანებს ხალხს განურჩევლად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური მრწამსისა. ამ კავშირის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. თუმცა აქ საქმე არ გვაქვს პოლიტიკასთან ან კულტურასთან, არამედ ადამიანობასთან და სიცოცხლის უფლებასთან.
ვიცით, რომ ბევრი ფანი მოუთმენლად ელის გერმანიის ნაკრების თამაშს. ასევე გვესმის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი მოვლენაა და ფეხბურთელები მთელი კარიერის მანძილზე ამისთვის ემზადებიან. ჩვენც ფანები ვართ და გვიყვარს ფეხბურთი.
მაგრამ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რაც გაამართლებს კატარში ადამიანების უფლებების შეზღუდვას. ამ ტურნირში მონაწილეობის მიღებით ჩვენ უნებლიედ გავხდებით სისტემის ნაწილი. ProFans ხმის ამაღლებისა და ბოიკოტის მომხრენი ვართ.
ჩვენ მოვუწოდებთ DFB-ს, რომ უარი თქვას კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ეს იქნება დიდი საფეხბურთო დღესასწაული, ზეიმი ათასობით მიგრანტის საფლავზე. ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება იქნება ეთიკისა და ღირსების გარდაცვალება.
ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ფეხბურთი არის კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა. დარწმუნებულები ვართ, რომ გერმანიის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი ნორვეგიულმა საფეხბურთო კლუბებმაც გამოუცხადეს.