„ზენიტმა“ ვილაშ-ბოაშს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო სოციალურ ქსელში წერს, რომ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ-ბოაში დაინიშნება. პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც უკანასკნელად „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობდა, ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
36 წლის ვილაშ-ბოაშმა ჩრდილოლონდონური კლუბის თავკაცის პოსტი 2013 წლის 16 დეკემბერს დატოვა. გარდა ამისა, ის თავის დროზე „აკადემიკაში“, „პორტუსა“ და „ჩელსიში“ მუშაობდა. „პორტუსთან“ ერთად ახალგაზრდა მწვრთნელმა პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს „ზენიტის“ თავკაცის პოსტიდან ლუჩანო სპალეტი გაათავისუფლეს. კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი სემაკი დაინიშნა, რომელიც იტალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
ბექა დოგრაშვილი