ზესტაფონელები ვეტერინარებთან მატჩისათვის ემზადებიან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობისა და თასის გათამაშების მოახლოვებული მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ, 20 ოქტომბერს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები თბილისის საფეხბურთო კლუბ “ვიტ-ჯორჯიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
როგორც აქამდეც მოგახსენებდით, ზესტაფონელი როინ კვასხვაძე საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელ თემურ ქეცბაიას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანელებთან მატჩისთვის ქვეყნის უპირველეს გუნდში ჰყავდა გამოძახებული, ხოლო კახაბერ მეშველიანი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და თედორე გრიგალაშვილი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძემ ჰოლანდიელ და შოტლანდიელ თანატოლებთან მატჩებისათვის იხმო.
მეშველიანი, ჭანტურიშვილი და გრიგალაშვილი გუნდს უკვე დაუბრუნდნენ და თანაგუნდელებთან ერთად ზემოიმერული კლუბის ბაზაზე ამ ბიჭებმაც ივარჯიშეს. რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთში იმყოფებოდა, ის გუნდს ხვალ შეუერთდება.
ასევე შეუერთდნენ საწვრთნელ პროცესს ილია კანდელაკი, დავით რაჟამაშვილი და ნაემეკა აჯურუ. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა მიზეზის გამო სამივე ამ ფეხბურთელმა საჩხერის “ჩიხურასთან” სამიოდე დღის წინ გამართული სპარინგ-მატჩი გამოტოვა.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური