“ზესტაფონი” “დილასთან” მატჩისთვის ემზადება
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩისათვის ემზადება. 8 დეკემბერს გორში გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “დილას” ესტუმრებიან.
გორელებთან მატჩისათვის იმერელთა მზადების პროცესს ხელმძღვანელობს გია გეგუჩაძე, რომელიც უკრაინაში სამუშაო ვიზიტისა და სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის წარმატებით გახანგრძლივების შემდეგ, ისევ შეუდგა გუნდის გაწვრთნის საქმეს.
რაც შეეხება “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირებათა ისტორიას, ის 2004-2005 წლების სეზონიდან იწყება და სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 19 შეხვედრას ითვლის. ამ გუნდების მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა – 13 მატჩი იმერლებმა მოიგეს, 6 კი შიდაქართლელებმა. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც დიდი უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა – 35-18.
გორის “დილასთან” 8 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.
ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური