„ზესტაფონი“-„სპარტაკი“ თებერვალში გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ქვეყნის XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის გადადებული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ცხინვალის “სპარტაკი” უნდა დაუპირისპირდნენ, 2014 წლის 22 თებერვალს გაიმართება.
დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ მოხერხდა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზემო იმერეთში უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ დაისადგურა. ეს გარემოება კი გაყინული მოედნის ბალახის დაუზიანებლად გაწმენდას შეუძლებელს ხდის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება ზესტაფონელთა და ცხინვალელთა მატჩის 2014 წლის 22 თებერვალს გამართვის შესახებ. შეხვედრას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეს-სამსახური
ფოტო: „ზესტაფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდი