“ზესტაფონის” დუბლიორთა მორიგი სპარინგი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები განაგრძობენ ახალი სეზონის დაწყებისათვის მზადებას. დღეს ჩვენმა მეორე გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – გიორგი მიქაძის გუნდმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედოს” დუბლიორებს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლა.
ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ყანჩაველი (რუხაძე, 46), რობაქიძე, წურწუმია, მოსიძე (ხურციანიძე, 46), ვაჭარაძე, მაკარიძე, მარგველაშვილი, მესხი (მათეშვილი, 57), კანდელაკი (გოგია, 46), კალაჯიშვილი, მიქელთაძე (ეგუტიძე, 46).
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა მისი ბედი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა – 75-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ ძლიერად გაისროლა ქუთაისელთა კარის მიმართულებით, “ტორპედოს” გოლკიპერმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და იონა კალაჯიშვილმა მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი მშვიდად გაიტანა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელიც თავის გუნდს მინსკში გასამართი ამხანაგური მატჩებისათვის ამზადებს, ბელორუსიაში გამგზავრებამდე დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე მარგველ დუბლიორთა კოლექტივის წევრები ბექა მიქელთაძე და დავით მოსიძე გამოიძახა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური