“ზესტაფონის” მატჩისწინა ვარჯიში და პრეს-კონფერენცია
23 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, ტრნავას “სპარტაკთან” ხვალ გასამართი შეხვედრის წინ, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზლატე მორავცეს მთავარ არენაზე – სტადიონ “ვიონზე” მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ადგილობრივი მედიის საკმაო ინტერესი გამოიწვია.
სასტუმრო ”ტარტუფში” დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა და ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე ივარჯიშა სტადიონ ”ვიონზე”, სადაც ხვალ ”სპარტაკთან ” უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.
იმერელთა წვრთნამ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა, ფეხბურთელებმა ნაყოფიერად იმუშავეს ბურთთან და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებიც დახვეწეს. სასიხარულოა, რომ უპრინციპულესი მატჩის წინ სლოვაკეთში ჩასული “ზესტაფონის” ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
ვარჯიშის დაწყებამდე კი ზესტაფონელთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის პრეს-კონფერენცია გაიმართა…
– ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე იგივე შემადგენლობის გაყვანას აპირებთ თუ გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
– მატჩამდე საკმაო დროა დარჩენილი. შესაბამისად, ყველაფერს ხვალინდელი საღამო გვიჩვენებს.
– თქვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?
– ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის გეგმის მიხედვით ემზადება…
– საშინაო შეხვედრაში უგოლო ფრე მისაღები შედეგი იყო თქვენი გუნდისთვის?
– უგოლო ფრე ნამდვილად არ გახლდათ მისაღები შედეგი. მატჩი ისე წარიმართა, რომ გატანის შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ჩვენ ისინი ვერ გამოვიყენეთ. აქვე უნდა ითქვას, რომ შანსები “სპარტაკსაც” ჰქონდა….
– რას ელით ხვალინდელი მატჩისაგან?
– ვიცი, რომ ძალიან რთული მატჩი გველის. ვვარაუდობ, რომ სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს. რაც შეეხება “ზესტაფონის” ამოცანას, ის ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გაღწევა გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ”სპარტაკი” – ”ზესტაფონის” შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:30, ხოლო თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. მატჩს პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.
აქვე გია გეგუჩაძის პრეს-კონფერენციისა და მარგველთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…