“ზესტაფონის” მოგებული დერბი
მიმდინარე წლის 12 აპრილს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრები ჩატარდა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მარგველთა დაპირისპირებაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა.
როგორც ერთი რეგიონის წარმომადგენელი გუნდების დაპირისპირებებს სჩვევია, მარგველთა დღევანდელი დერბიც ძალიან პრინციპული ხასიათისა გამოდგა. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ზესტაფონის მთავარ არენაზე შეკრებილმა პუბლიკამაც კარგი სანახაობა იხილა…
უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველმა ნახევარმა ზესტაფონელი ქომაგის იმედები ვერ გაამართლა. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიულ უპირატესობას სწორედ მასპინძლები ფლობდნენ, საჩხერელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა მათ ნაკლებად გამოსდიოდათ. თავის მხრივ, სტუმრებმა ოპონენტს სწრაფ კონტრიერიშებზე გათვლილი ტაქტიკა დაუპირისპირეს და ერთ-ერთი ასეთი აქციის შედეგად 43-ე წუთზე მონადირებული კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ თავის გუნდი რატი წინამძღვრიშვილმადააწინაურა…
მეორე ტაიმის დებიუტშივე ანგარიშის გათანბრების კარგი შესაძლებლობა ნიკა საბანაძეს მიეცა, თუმცა ზესტაფონელთა ფორვარდის თავური სულ მცირედით ასცდა რევაზ თევდორაძის კარს. მალევე გიორგი ჭანკოტაძე ურტყავდა სახიფათოდ, თუმცა ამ ეპიზოდშიც დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. ზედიზედ ორჯერ მიზანთან ახლოს იყო დიმიტრი ტატანაშვილი – თუ პირველ ეპიზოდში პარტნიორის გადაცემას დააკლდა სიზუსტე, მეორეში საიმედოდ ითამაშა საჩხერელთა კარის დარაჯმა.
ანგარიში 67-ე წუთზე გათანაბრდა – ტატანაშვილი-დოლიძის მიერ წამოწყებული კარგი იერიში სტუმართა კარში გატანილი გოლით მოედანზე სულ რაღაც 4 წუთის შესულმა თორნიკე კაპანაძემ დააგვირგვინა. უნდა ითქვას, რომ ეს ახალგაზრდა ფორვარდისთვის ზესტაფონელთა რიგებში გატანილი სადებიუტო გოლი გახლავთ.
გოლის შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 73-ე წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს – ზესტაფონელთა ხანგრძლივი შეტევის მსვლელობისას საჩხერელთა საჯარიმოში მცირე არეულობა შეიქმნა, რომელშიც ყველაზე უკეთ “ზესტაფონის” პირველი გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძე გაერკვა, საჩხერელთა გოლკიპერსა და მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ბურთი მიაწოდა ეულად მყოფ ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელსაც კარის აღება აღარ გასჭირვებია…
დარჩენილ დროში, იმის მიუხედავად რომ მოედანზე კვლავაც უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა, ანგარიში აღარ შეცვლილა – ზესტაფონელთა გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრაში – 2-1.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური