“ზესტაფონის” ფან-კლუბის ღია წერილი
სულ რამდენიმე დღის წინ ქართული საფეხბურთო სამყარო შეძრა უეფას მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში არსებული გარიგებული მატჩების თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით ჩვენი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის პოზიცია ცალსახაა: ნებისმიერი გუნდი, ფეხბურთელი, არბიტრი თუ პრეზიდენტი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქართულ ფეხბურთში სიყალბის, ტყუილის, მომხვეჭელობის ხანა, რამაც უფსკრულის პირას მიიყვანა ერთ დროს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.
თითოეული გარიგებული მატჩი ჩვენი ფეხბურთის დიდ სირცხვილად, შავ ლაქად მიგვაჩნია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ უეფას მიერ გარიგებული მატჩების სიაში შეტანილ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელზეც ინტერნეტ-საიტ “მსოფლიო სპორტისათვის” მიცემულ ინტერვიუში რუსთავის “მეტალურგის” ამჟამინდელი დირექტორიზაზა დოლიძე გულწრფელად საუბრობს. ბატონი ზაზა უეფას რეპორტში მოხვედრილ ერთ-ერთ შეხვედრად რუსთავის “მეტალურგსა” და მარტვილის “მერანს” შორის 2011-2012 წლების სეზონში გამართულ და რუსთაველთა გამარჯვებით დასრულებულ მატჩს მოიხსენიებს…
საფეხბურთო საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, როდესაც 2012 წლის მაისში სასწორზე საქართველოს ჩემპიონობა იდო და ტიტულისათვის “ზესტაფონი” და რუსთავის “მეტალურგი” იბრძოდნენ, სწორედ ამ ორი გუნდის (“მერანი” და მეტალურგი”) მონაწილეობით გამართული მატჩის შედეგი იმთავითვე შეირაცხა საეჭვოდ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობის მხრიდან. მეტიც, კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა მფლობელმა ბატონმა ილია კოკაიამ ეს თემა საგანგებო პრესკონფერენციაზეც გაახმაურა.
ყოველივე ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვა როგორც “მერანის”, ისე “მეტალურგის”იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან. ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ გაჟღერებული ბრალდებების გამო და “ზესტაფონისგან” ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდნენ. გვინდა შეგახსენოთ იმ პერიოდში განვითარებული მოვლენები და შემოგთავაზოთ მცირე ამონარიდი სფფ-ს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ინტერნეტ-საიტ “მსოფლიო სპორტზე” 2012 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუდან: “… ჩვენთან მოვიდა წერილი როგორც “მერანიდან”, ისე “მეტალურგიდან”. ისინი ითხოვენ ამ ბრალდების დამტკიცებას, ან ბოდიშის მოხდას… რომ ამბობენ, ფაქტებს დავდებთო, წარმოდგენის შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. სკანდალი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატშია, ჩვენს იმიჯზე აისახება, რადგანაც უეფა ყოველივეს საქმის კურსშია…”
მიგვაჩნია, რომ გარიგებებში მონაწილეობის გამო უპირველეს ყოვლისა არა კლუბები, არამედ ამ სიბინძურის შემოქმედი კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ. “მეტალურგსა” და “მერანში” დღესდღეობით ბევრი ისეთი ადამიანი მოღვაწეობს, ვისაც ხსენებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია…
აქვე უნდა ითქვას ერთიც – იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციას უეფადან სისტემატურად და თანაც ოპერატიულად ღებულობს, სიმართლის თქმას რატომღაც მთელი 2 წელი დასჭირდა. ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა – თუკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქამდეც ფლობდა ამ ინფორმაციას, რატომ არ მოხდა მისი განსაჯაროება?
ვფიქრობთ, უეფას მიერ გამოგზავნილ გარიგებული მატჩების სიაში ამ ორი გუნდის მონაწილეობით 2011-2012 წლების სეზონში გამართული შეხვედრის აღმოჩენა სრულ საფუძველს გვაძლევს, მოვითხოვოთ:
1. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმკაცრესად დასაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც სპორტული შედეგებით მანიპულირებასა და ასეთი ხერხით საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო შედეგების და ჩემპიონის ვინაობის გაყალბებას ცდილობდა.
2. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღესვე (და არა ორწლიანი პაუზის შემდეგ!) გამოაქვეყნოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია გარიგებული მატჩებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.
3. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობამ მოითხოვოს მარტვილის “მერანის” და რუსთავის “მეტალურგის” იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან და ამ საქმის ყველა მონაწილე პირისა თუ მხარისაგან (იმ შემთხვევაში, თუ ამ მატჩის შედეგით მანიპულირების შესახებ ქართული ფეხბურთის სახლშიც იცოდნენ, აქ ფეხბურთის ფედერაციაცაა ნაგულისხმევი) ბოდიშის მოხდა არა მარტო ჩვენი, ზესტაფანების, არამედ მთელი ქართული საფეხბურთო საზოგადოების წინაშე!
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბი