“ზესტაფონის” სამი ქულის მომტანი მატჩი რუსთაველებთან
2014 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. მიმდინარე საფეხბურთო პირველობის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.
შეხვედრა მასპინძელთა იერიშებითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო – ანგარიშის გახსნის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 13-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფად გაითამაშეს კუთხური და რევაზ გეწაძის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის კარის ბადეში გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ რუსთაველები, რომლებიც მიზნის მიღწევას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მარგველთა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩი, წინა შეხვედრების მსგავსად, დღესაც საიმედოდ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, ისევ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
თანდათანობით ზესტაფონელებმა მატჩის სადავეები ისევ იგდეს ხელთ და 34-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. ეპიზოდში, რომელიც მეორე გოლის გატანას წინ უძღოდა, აღსანიშნავია თეიმურაზ ღონღაძის კარგი თამაში. მან ბურთისათვის ბოლომდე იბრძოლა, ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩა და ჩინებული გადაცემა გაუკეთა დიმიტრი ტატანაშვილს – თავის მხრივ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საკეთესო მეგოლემ ბოძებული შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.
პირველთან შედარებით, შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ზესტაფონელები მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას და თავის უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. მეტიც, ნიკა საბანაძის, გიორგი გურულისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმების შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსებიც მიეცათ. “ზესტაფონის” მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-0.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური