“ზესტაფონის” თურქული შეკრებისა და სპარინგ-მატჩების შესახებ
მიმდინარე წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ხმელთაშუა ზღვის კარგად ნაცნობ ანატოლიურ სანაპიროზე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის კომფორტაბელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “Susesi Luxury Resort”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმრო კომპლექსის სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, ღია და დახურული აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი…
“Susesi Luxury”-ში დაბინავებულ საფეხბურთო გუნდებს უეფას სტანდარტების შესაბამისი 3 მოედნითა და ოდნავ მცირე ზომის 1 სავარჯიშო მინდვრით შეუძლიათ ისარგებლონ. ბოლო წლებში სწორედ ამ სასტუმროში დაბინავებულან და გაუვლიათ მოსამზადებელი შეკრება ისეთ კლუბებს, როგორებიცაა დორტმუნდის “ბორუსია”, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”, გრაცის “შტურმი” და ა.შ…
თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქალაქ ტირგი ჟიუს საფეხბურთო კლუბ “პანდურიის” წინააღმდეგ გამართავს. რუმინეთის ვიცე-ჩემპიონთან იმერელთა დაპირისპირება 4 თებერვალს გაიმართება.
თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 7 თებერვალს ჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე ჩეხური ფეხბურთის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი “პრშიბრამი” (ყოფილი პრაღის “დუკლა”) იქნება. თურქული შეკრების ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება. ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ანატოლიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ გამართავენ. უკრაინელებთან მატჩი 13 თებერვალსაა დანიშნული, ხოლო წლევანდელი თურქული “ვოიაჟის” დასკვნითი, მეხუთე სპარინგი 16 თებერვალს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ “ტურნოვოსთან” მოსინჯავენ ძალებს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური