“ზესტაფონისა” და “დილას” ურთიერთობები ციფრებში
კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დილას” დაუპირისპირდება.
მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 24 შეხვედრას ითვლის. “ზესტაფონისა” და გორის “დილას” მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა – ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 20 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 13 მოიგეს და 7 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც საგრძნობი უპირატესობა იმერელთა მხარესაა – 36-21.
გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ, ჩემპიონატში გამართული მატჩებისაგან განსხვავებით, სრული თანაფარდობაა – 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5.
რაც შეეხება საქართველოს სუპერთასზე ამ გუნდების შეხვედრებს, ასეთი დაპირისპირება ერთხელ, 2013 წლის 22 თებერვალს გაიმართა – მარგველთა და შიდაქართლელთა მონაწილეობით გამართული იმ მატჩის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ იმერელთა სასარგებლოდ (4-2) გადაწყვიტა და ჩვენს კლუბს ზედიზედ მეორედ მოგებული სუპერთასი მოუტანა.
გორის “დილასა” და “ზესტაფონს” შორის 19 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი განსჯის, 15:00 საათზე დაიწყება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი იგეგმება.
FCZestafoni.GE