ჟირუ: „ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება“
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იმედს გამოთქვამს, რომ „მამლები“ 2010 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის რეაბილიტაციას წლევანდელ მუნდიალზე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ.
„ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება. ამიტომ, მათ კვლავ დიდი მოლოდინი აქვთ. კი ბატონო, ჩვენი გუნდი მეტწილად შეიცვალა, თუმცა სამხრეთ აფრიკაში განცდილი იმედგაცრუების შეცვლა წელს შეგვიძლია. ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ“, – ჟირუს სიტყვებს „ტუტომერკატო“ აქვეყნებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს მეტოქეებად ეკვადორის, ჰონდურასისა და შვეიცარიის ნაკრებები ჰყავს. ფრანგები სასტარტო შეხვედრას 15 ივნისს ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ბექა დოგრაშვილი