ჟურნალისტ გოგონას სახეში შაიბა მოხვდა და სერიოზულად დაზიანდა (ფოტო)
უსიამოვნო ფაქტი მოხდა ჰოკეიში სლოვაკეთის ჩემპიონატის ეგიდით “ბანსკა ბისტრიცასა” და “პოპრადს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას. ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტიორი გოგონა ბარბორა ჟიაჩიკოვა ტრიბუნის იმ ნაწილში აკეთებდა ვიდეოჩანაწერს, რომელსაც დამცავი ფარი არ აქვს და ერთ-ერთ მომენტში სახეში შაიბა მოხვდა, რამაც სერიოზულად დააზიანა.
ჟურნალისტმა განმარტა, რომ ვიდეომასალას ამზადებდა და უშუალოდ თამაშს აქტიურად თვალყურს ვერ ადევნებდა.
მომენტს იხსენებს ერთ-ერთი ჰოკეისტი:
“შაიბა საკმაოდ მაღლა გაფრინდა და ვერ შევწვდი, შემდეგ შემოვტრიალდი და დავინახე, რომ ის გოგონას სახეში მოხვდა. იმ მომენტში ძალიან ცუდი გრძნობა დამეუფლა”.
ჟურნალისტს სახის ძვლის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მედიკოსები ახლა იმისთვის იბრძვიან, რომ ბარბორა ჟიაჩიკოვას მხედველობა და სახის მიმიკა შეუნარჩუნდეს. მას მოგვიანებით კოსმეტიკური დეფექტების აღმოსაფხვრელად პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდება.
“მინდა გაცნობოთ, რომ ცოცხალი ვარ. გამხნევებისა და ლოცვებისთვის გულწრფელ მადლობას გიხდით. ოპერაციას ველოდები. დავბრუნდები უფრო ძლიერი”, – დაწერა ბარბორამ სოციალურ ქსელში.