ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს
საფეხბურთო თემებზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოარჩია. ჟურნალისტებმა ეს წოდება “ლესტერ სიტის” თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის მიანიჭეს. აღნიშნული ჯილდო 69 წელია არსებობს და “ლესტერის” მოთამაშემ პირველად მოიგო.
“ჩემთვის დიდი პატივია იმ ფეხბურთელების რიგში მოხვედრა, რომლებმაც ეს წოდება მანამდე მოიგეს. მადლობას ვუხდი ასოციაციას და ყველას, ვინც ხმა მე მომცა.
მადლობა ჩემს თანაგუნდელებსაც. მხოლოდ მათი დამსახურებაა ყველაფერი ის, რასაც მე მივაღწიე. “ლესტერის” შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, რაც არა ინდივიდუალური მიღწევების, არამედ გუნდური მუშაობის შედეგია.
მადლობას ვუხდი მწვრთნელს, მთლიან პერსონალსა და ფანებს მხარდაჭესითვის. ორიენტირებულნი ვართ იქითკენ, რომ ამ ორ კვირაში საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეს სეზონი დაუვიწყარი გავხადოთ.
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ნაკრებისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ”, – ციტირებს ვარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.