ზიდანი: “26 თუ 27 მომენტი გვქონდა, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.
“ეს ძალიან ცუდია… ცუდია, როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა. ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. კარგად არ გვითამაშია, თუმცა არც ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ნახევრის პირველი წუთები კარგი იყო, თუმცა შემდეგ რიგ მომენტებში კონცენტრაცია დავკარგეთ. 26 თუ 27 მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ უნდოდა. არასასიამოვნოა, როცა ასეთი რამ საკუთარ მოედანზე გემართება.”
“სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ახალ სეზონში, ლა ლიგის სამი შეხვედრა ჩავატარეთ “ბერნაბეუზე” და ნამდვილად არ დავტოვეთ სათანადო შთაბეჭდილება. რა უნდა ვქნათ? მომავალ თამაშებში ყველა შანსის მაქსიმალურად გამოყენებას უნდა შევეცადოთ, რათა მოგება შევძლოთ,” – აცხადებს “ზიზუ”.