ზიდანი “ატლეტიკოსთან” განადგურების შემდეგ: ” ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ დაუშვებელია”
მადრიდის “რეალი” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” უშანსოდ განადგურდა, ანგარიშით 3-7. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პრესასთან ისაუბრა.
“ასეთი მაღალი დონის თამაშში ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ დაუშვებელია. შეხვედრა ძალიან მძიმედ და ცუდად დავიწყეთ. რვა წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 2-0 იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეტოქეს ვერაფრით ვპასუხობდით. პირველი ტაიმი საშინელება იყო, ყველაფერი გვაკლდა.
მეტოქემ შვიდი გოლი გაგვიტანა, მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს. ამას ფეხბურთელებიც აანალიზებენ და ძალიან იმედგაცრუებულები არიან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მხოლოდ წინასასეზონო მომზადების მატჩია. მათ ყველა ასპექტში დაგვჯაბნეს, სათქმელი სხვა არაფერი გვაქვს.
ახალი სეზონისთვის მშვიდად ვაგრძელებთ მომზადებას. 17 აგვისტოს გასამართი პირველი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ მომდევნო სეზონში მოტივირებულ “რეალს” ვიხილავთ და კარგ სეზონსაც ჩავატარებთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.