ზიდანი: “ბარსელონას” გაწვრთნა? მე თეთრი გული მაქვს”
დღეს ლა ლიგის მერვე ტურში “ხეტაფე” მადრიდის “რეალს” მიიღებს.
დაპირისპირების წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“ბეილი მნიშვნელოვანი დანაკლისია. ის ბევრს ვარჯიშობს, რათა მალე დაგვიბრუნდეს. მან შესანიშნავად იასპარეზა დორტმუნდში, თუმცა შემდეგ ტკივილები იგრძნო. არ ვიცი, მას ეს დაზიანება რატომ გაუმიზეზდა. ექიმი არ ვარ და ამაზე ვერ ვისაუბრებ. ვერც რეაბილიტაციის პროცესში ჩავერევი. ვენდობი იმ ხალხს, ვინც გარეთს მკურნალობენ. ის ახლა ყველაზე მეტადაა იმედგაცრუებული, რადგან ძალიან სურს გუნდის დახმარება.”
“დიახ, “ხეტაფესთან” დაპირისპირება მწვრთნელის რანგში მეასე იქნება. ვისწავლე, რომ მეტოქეზე კონკრეტულ ასპექტებში უპირატესობის მოპოვებას მუდამ უნდა ეცადო. ასევე, არასდროს შეწყვიტო შრომა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ლა ლიგის მოგება იყო. ვიცი, რასაც ვაკეთებ და მსურს, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო. “ბარსელონას” გაწვრთნა? გახსოვდეთ, რომ მე თეთრი გული მაქვს,” – აცხადებს “ზიზუ”.