ზიდანი: “ბუფონი გაძევებას არ იმსახურებდა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:3) მიწურულს ჯანლუიჯი ბუფონი გაძევებას არ იმსახურებდა. შეგახსენებთ, რომ მესამე კომპენსირებულ წუთზე მეჰდი ბენატიამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია და ინგლისელმა მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა “ბებერი სინიორას” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რის გამოც ბუფონი გაცხარდა და საბოლოო ჯამში, ვეტერან იტალიელ მეკარეს წითელი ბარათი უჩვენეს.
“ჩემი აზრით, ბუფონი გაძევებას არ იმსახურებდა, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლით. ეს ეპიზოდი ვერ გადაწონის იმ ყველაფერს, რასაც მან კარიერის განმავლობაში მიაღწია. ის საოცარი ფეხბურთელია. შესაძლოა, ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის უკანასკნელი არც იყოს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.com-ი.