ზიდანი: “ფეხბურთელები სწორედ “კლასიკოს” მსგავსი მატჩებისთვის ცხოვრობენ”
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.
პრინციპული მატჩის წინ ჟურნალისტებთან მადრიდელთა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა. ფრანგი კრიშტიანუ რონალდუს თემას შეეხო, რომელსაც სურს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.
“რონალდუ ასი პროცენტით მზადაა. მხოლოდ ეს მაინტერესებს ახლა. არ ვაპირებ, მატჩამდე ყველაფერს შევეხო, რაც მნიშვნელოვანი არაა. ერთადერთი რამ, რაზეც პორტუგალიელი ფიქრობს, ეს “ბარსელონასთან” დაპირისპირებაა. მოკლედ ვიტყვი, რომ კრიშტიანუს მიღწევები გამაოცებელია და ის პატივისცემას ყველა მხრივ იმსახურებს. მის ხელფასზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე არ ვისაუბრებთ.”
“ვაგრძელებთ ფიქრს და მუშაობას. სეზონი გრძელია და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაში გამარჯვება. მაგრამ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ჯერ არაფერი გადაწყდება. ვფიქრობ, წინ რთული მატჩი გველის. “კლასიკოები” სწორედ ასეთები არის. თუმცა, ასევე ულამაზესი დაპირისპირების მოლოდინში ვართ. ფეხბურთელები ხომ ასეთი თამაშებისთვის ცხოვრობენ.”
“ჯერ სეზონის მხოლოდ ნახევარი გავიდა. გვინდა, უფრო წარმატებულად ვითამაშოთ. “ბარსასთანაც” იმავეს ვაპირებთ. საპატიო კორიდორი? ეს არ მაინტერესებს. მხოლოდ მატჩია ჩემი ინეტერსის სფერო! სხვა არაფერი. სამი ქულისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებ!” – ამბობს “ზიზუ”.