ზიდანმა ლინეკერს უპასუხა: “ეს სამარცხვინოა”
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გარი ლინეკერის მიერ კარიმ ბენზემას მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“რეალსა” და “ტოტენჰემს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად ფეხბურთის ექსპერტმა გარი ლინეკერმა მადრიდის “რეალის” ფორვარდი კარიმ ბენზემა გააკრიტიკა.
“მე მეჩვენება თუ ბენზემა ცოტა გადაფასებულია? “რეალის” რიგებში მის მიერ გატანილ გოლებში განსაკუთრებული არაფერია. ღირსეულია, მაგრამ არა დიადი”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ლინეკერმა.
ჟურნალისტებმა ზიდანს ლინეკერის განცხადებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, ფრანგმა სპეციალისტმა კი თავისი გუნდის ფეხბურთელი დაიცვა.
“გაბრაზებული ვარ, რადგან ასეთი რამის თქმა, სამარცხვინოა. შესაძლოა, ბენზემამ 60 გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ ის 30-ს გაიტანს და 40-ჯერ თანაგუნდელს დაეხმარება. არ მომწონს, როცა ჩემს ფეხბურთელებზე ცუდს ამბობენ”, – ციტირებს ზიზუს სიტყვებს “მარკა”.